ნაწყვეტები სამოსელი პირველიდან

ლამაზ-ქალაქი


“ზეზუხბაია, შენ, ვერასოდეს ვერ შეგიყვარებ, რადგან რაღაცნაირად… როგორ აგიხსანა?! რაღაცნაირად, სხვანაირი ხარ – ამდენი ხანია, ერთად დავიარებით და გაღიმებული არ მინახიხარ, ტირილიც არ შეგიძლია, გულით რომ ვერასოდეს გაიცინებ და, საერთოდ, ვერაფერს გააკეთებ გულით…”

“დუმილის დროსაც მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი. – ხმადაბლა ამბობდა ალექსანდრო.”

“ის მოდიოდა ლაღი,თამამი,და რაღაც სიცელქე აშკარად ჩაეხვია გულში–მწვანე თვალები ისე უბზინავდა. დათოვლილ გორაკზე ადიოდა ტერეზა, ოდნავ წინგადახრილი, ცალი ხელით დოინჯი შემოეყარა, მეორეს კი ლამაზად არწევდა ყოველი მოხდენილი ნაბიჯისთანავე. გრძელი ქურქი ეცვა, დიდი, მამისეული ტლანქი ჩექმები და მაინც ისე მოხდენილად, ისეთი რწევით ამოდიოდა… სქელი თავსაფარი მაგრად გაენასკვა ყელზე, ტუჩებმოკუმული, ღიმილს ძლივსძლივობით იკავებდა და პაწია ფოსო ჯიუტად აჩნდა მხოლოდ ცალ, სუსხით ნაზად შეფერილ ლოყაზე, თხელი, ფაქიზი ნესტოები სიცივეში უთრთოდა.ტერეზა ამოდიოდა  გორაკზე, ტერეზა, თავით–ფეხებამდე ქალი, ლაღი, თავნება და ქალურობით მაინც  ტანსაცმლიანად გაჟღენთილი, უცნაური, ახირებული მოძრაობები თითქოს  აშიშვლებდნენ გაოგნებული მამაკაცების თვალში და აუუ, როგორ სძულდათ  სუყველაფერი, რაც კი ტერეზას იმ სუსხიან დილით ეცვა. ქალი ამოდიოდა თოვლში,ახალგაზრდა, ბედნიერი ქვრივი, და არაფრისა დარდი არა ჰქონდა, მოაბიჯებდა. ის გორაკი რომ ამოიარა, შედგა, უნებურად წრე შემოარტყეს, ტერეზამ კი თვსაფარი შეიხსნა, ქურქი მოიღეღა, ჩექმებიანი ფეხი ღონივრად დაჰკრა თოვლზე და ხელი შემართა. გაოცებულნი უმზერდნენ, ტერეზამ კი ფეხები აათამაშა თოვლზე, შეჩერდა და… თეძოზე დაირტყა ხელი. მერე შებრუნდა, მხარი ლოყამდე აზიდა, ხელები განზე გაშალა, ფეხის წვერებზე აიწია და, უეცრად მკერდზე ხელებმიხუტებული, ადგილზე გაქვავდა. და სანამ გაოცებული ლამაზ–ქალაქელები დაჭყეტილ თვალებს დაახამხამებდნენ, ტერეზა ოდნავ, მსუბუქად შეხტა და ყველანი ერთად მიხვდნენ – ცეკვავდა ქალი. ტერეზა ცეკვავდა პირველ თოვლზე,მხოლოდ მისთვის გასაგები ბედნიერებით ბედნიერი, ტერეზა ცეკვავდა რომელიღაც უცნობ, სახელდახელოდ გამოგონილ ცეკვას, გრძელი თმა უფრიალებდა, უცახცახებდა მხრები, ერთიანადაც ცახცახებდა და გამწარებული იღიმებოდა ცეკვისას  თვალდახუჭული ქალი და ირგვლივ – თოვდა… დიდი ჩექმებით ტკეპნიდა თოვლს  აცეკვებული ქალი – ტერეზა და ის არნახული ხელების ქნევა სხვას თუ სასაცილოს გახდიდა, ტერეზას უცნაური, ყოვლის მომრევი სისასტიკით ამშვენებდა, ქალი  ცეკვავდა მათ თვალწინ, წრეში, გამაღიზიანებელი, ჩასაქოლი და მაინც თითსვერავინ დააკარებდა – ყველას უყვარდა, და სძულდათ კიდეც – ცეკვისას ისეუცნაურად ამაღლებული და მიუწვდომელი, ის კი შეჩერდა, ოდნავ უკან გადაიხარა,მოქანცულმა, მარცხენა ხელი თითქოს ძლივს ასწია, გრძელი, მოქნილი, წვეტიანი თითები დომენიკოსკენ გაიშვირა და იმისთვის ზედაც არ შეუხედავს, სიჩუმეში ხალხს იმ თავისი ლამაზი, დაბალი ხმით ასე უთხრა: ეს ბიჭი მომწონს …”

"- დაგვლოცეთ, მამა! - მიმართა მანუელო კოსტამ
გაკვირვებისგან შიგ თიხაში ჩამჯდარ ჟოაოს.
- ვინაა შენი მამა! - ისე იფეთქა, ვერავინ მოასწრო თვალი მოეკრა,
როგორ წამოვარდა ფეხზე ჟოაო, -
ვინაა შენი... კონსენსიონ, წადი ახლავე სახლში, დედაშენის ბრალი იქნება ყველაფერი,
დაგხოცავთ სუყველას!
- გაგიჟდი, ჟოაო, შვილო? - მიმართა ჟოაოს ცოლის დედამ
- ვინაა შენი შვილი! ვინაა ამის მამა! მამაო! შვილიო! ვინ ხართ! - გაჰყვიროდა ჟოაო"

"-რატომ ტიროდი?--ხმადაბლა დაეკითხა სილვია კონჩეტინას.
-არავის ეტყვი?
-არა.
-მე მგონი, ვინსენტეს ვუყვარვარ, ის კი ცოლიანია და მისი ცოლი მეცოდებ.
-რა იცი..
-რა, რავიცი..
-რომ უყვარხარ.
-ნამცხვარი შემომთავაზა."


მიჩინიოს სიტყვები: "დედამიწას სიყვარული ატრიალებს!” 

"ტერეზა - მხოლოდ მისთვის გასაგები ბედნიერებით ბედნიერი" 
 
``სიკვდილი რომ არ იყოს - აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი,
მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, 
სიკვდილი რომ არ იყოს.
არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა,
მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ.
არც ოსტატური სიტყვა-პასუხი,არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ
და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი,
არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით..
ვიღა გაგვარჩევდა,სიკვდილი რომ არ იყოს...
მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა,
ახლა კი, ახლა,სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი,
მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა,
ჰეე,სიკვდილი რომ არ იყოს...” 

"მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი 
და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან 
გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი 
მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და 
აობაბივით დიადდებოდა...''

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე..და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე,
სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი,
ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა,
და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ,
ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ...
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s