შენ.


… არც მე ვიცი რა არის ცხოვრების იქით, არც მე ვიცი რა იწყება მაშინ, როცა მთავრდება ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ ხშირად ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაშინ როცა ჩემი დღე მთავრდება, მთავრდება შენით; ახალი დღეც შენით იწყება და ცხოვრების იქით, რომ არ ვიცით რა არის, მე მაინც ვიცი, რომ ისიც შენთვის და შენით დაიწყება. ჩემთვის ნებისმიერი წერტილის იქით ხარ შენ.

.. არც მე ვიცი რა არის ცხოვრების იქით, არც მე ვიცი როგორი მზე ანათებს “იქ”, ან საერთოდ ანათებს თუ არა, მაგრამ აქ, ნებისმიერ მზეზე თბილი სიტყვებია, შენი სიტყვები.

.. არც მე ვიცი რა არის ცხოვრების იქით, მაგრამ ვიცი რომ გაზაფხული ( კაი მერე რა, ვის არ გახევია შარვალი ), მოკლედ, ვიცი რომ გაზაფხული ყველგან იქნება, სადაც ხარ შენ და ვართ ჩვენ.

როცა თავი ვენეციაში ამოვყავი

როცა თავი ვენეციაში ამოვყავი, იტალიური ფერის და აღნაგობის შენობებთან დავიწყე თამაში. წყალში ირეკლებოდნენ და მეც ხელის ერთი მოძრაობით ვშლიდი მათ, ერთმანეთში ვურევდი და მერე ამ შენობებს შორის გადებულ ხიდზე ძლივს ვბობღდებოდი ხოლმე. ხანდახან თითქმის უკვე ასული, ისევ შეციებულ წყალში ვვარდებოდი, თავიდან მიტაცებდნენ შენობები და ხელახლა ვიწყებდი მათთან მხატვრობანა-მშენებლობის თამაშს. ეს ყველაფერი ეგოიზმიდან გამომდინარეც მიყვარდა, რადგან ეს ის თამაში იყო სადაც არ არსებობდა არც წაგებული და არც მოგებული და თუ ოდესმე იარსებებდა ისიც მე ვიქნებოდი.
მაგრამ ფაქტი იყო, რომ არც ერთ შენობაში არ მქონდა ადგილი, არც ერთ მათგანში ვცხოვრობდი და ერთადერთი სადაც მიმესვლებოდა იყო წყალი და ხიდი.
მეც თბილი ჰაერის წყალობით ღამე ხიდზე ვიჯექი, ჩამეძინებოდა და შესაბამისად მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა. ასე ყოფნას მხოლოდ 48 საათიღა ვაპირებდი.
ვეთამაშებოდი “მათ” და ძილი მომერია.
მზემ გამაშრო და ხიდზე ჩამოვჯექი.
მოაჯირებს მივეყრდენი და ვიგრძენი რომ ზურგზე წყლის შხეფები მეღვენთებოდნენ.
როცა მოვტრიალდი მწვანე თვალებმა მითხრეს რაღაც და სისხლისფერმა ტუჩებმა თავხედურად გამიღიმეს.
ეს ტუჩები იტალიურად ბუტბუტებდნენ რაღაცას. მე კი რა თქმა უნდა არ მესმოდა. არც იმას ესმოდა ჩემი ინგლისური პასუხები და კიდევ კარგი არც ქართული ” რა იდიოტი ხარ ”
შემოვტრიალდი და წყლის სიახლოვე უფრო ახლოს ვიგრძენი, ხელზე..

როგორც ჩანს ჩემზე მალე ბობღდებოდა ხიდზე, თანაც ისე, რომ არ ვარდებოდა. შემშურდა, შევცბი, გავბრაზდი, ინტერესით სავსე თვალები მივაპყარე და ბებიაჩემი გამახსენდა, რომელიც გიჟდებოდა იტალიურ ენაზე და ძალით დავყავდი მასწავლებელთან, მე კი არ ვსწავლობდი. ვნანობდი, რადგან არაფერი მესმოდა. ყრუ-მუნჯად ვგრძნობდი თავს. თუმცა რამდენიმე წამში ისიც უვიცად მოვნათლე ინგლისური რომ არ იცოდა. ავდექი და ხიდს იქით შეჭრილ ადგილას შევედი.

გამომყვა, უხეში ხელები თმაზე მომკიდა, თავისკენ შემაბრუნა და ცერა თითით  შენობაზე მიმითითა. მაგრად ჩამჭიდა ხელი. სწრაფი ნაბიჯებით ვარდისფერი შენობის  კედელთან მიმიყვანა და ახლა მეორე სართულის ფანჯარაზე მანიშნა. ორივე ხელი სახესთან მიიტანა და ძილის იმიტაცია გააკეთა. შევიდა შიგნით და კიბეებზე არბენისას ხელი შორიდან გამომიწოდა.
წავყევი (ალბათ ფიქრობთ : რას მიყვებოდი) მე უბრალოდ დასაკარგი არაფერი მქონდა, თან მეძინებოდა. მეორე სართულის მარჯვენა მხარეს დიიდი ხის კარები იყო, კარზე D ეწერა. შევედით.

განაგრძობდა იტალიურად ბუტბუტს, მე კი თითებით ვანიშნებდი რაიმე საპასუხოს.

მალე მაისური გაიხადა და ქართულად აღმომხდა “ვაიმე” მივიდა დივანთან, დაწვა და დაიძინა.

აივნიდან გადავიხედე. მერე მას შევხედე და მივხვდი რომ ნამდვილად უცნაური დღე იყო, უცნაურად ღამდებოდა და მაინტერესებდა როგორ გათენდებოდა. იმ ღამეს თბილად დავიძინე.
ჭიქა დაუვარდა. გამეღვიძა და სამზარეულოდან მაგიდისკენ მოსვლა მთხოვა. ვისაუზმეთ უხმოდ.
გასვლისას ჩამეხუტა და დიასახლისივით სახლში მარტო დამტოვა. ვერაფერზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი რა ხდებოდა, საიდან დამეწყო ამ დღის განხილვა წარმოდგენა არ მქონდა. უბრალოდ ვხვდებოდი რომ მწვანე თვალები მომწონდა და წუხანდელი “ვაიმე” მოწონების გამომხატველი იყო.

ფანჯრიდან წყალზე მოტივტივე გონდოლა და “ის” დავინახე. ხელში ფერადი ყვავილები ეჭირა…
ქვემოთ ჩავედი და ვისეირნეთ წყალზე. თვალებით ვეთამაშებოდით შენობებს, ისინი ჩვენში ირეკლებოდნენ და არ ინგრეოდნენ. უფროსწორად არ ვანგრევდით.
საღამოთი ჩამეხუტა და გზად მითხრა : Come si gioca con un lungo a guardare le case. Da bambino, ho giocato. Amo i capelli d’oro E io sarà sempre il mio.
არ ვიცოდი რა მითხრა, მინდოდა გამეგო. სახლში ავედით და აივანზე ჩაგვეძინა ერთად.

დილას მეგონა რომ პირვველს მე გამღვიძებოდა მაგრამ მაგიდაზე ყვითელი ფურცლის და ინგლისური ლექსიკონის გარდა ვერაფერი და ვერავინ დავინახე.
ფურცელზე ეწერა : “დიდიხანია გიყურებ და ვაკვირდები როგორ ეთამაშები წყალში შენობებს, ბავშვობაში მეც ასე ვაკეთებდი. მომწონს შენი ოქროსფერი თმა და მინდა რომ სულ ჩემი იყოს.”
ბედნიერად გამეღიმა.
მივხვდი, რომ მხოლოდ 48 საათით დარჩენა არ მეყოფოდა, რომ უფრო დიდი ხანი მომიწევდა გაჩერება.. მივხვდი, რომ მეორედ ვთქვი “ვაიმე”..

ქვემოთ ჩავედი და იტალიური ლექსიკონი ვიყიდე..

სიმარტივე..

Sometimes it lasts in love, But sometimes it hurts instead.

ხანდახან ყველაფერი იმაზე რთულია, ვიდრე გვგონია.  ეს იმის ბრალია, რომ ადამიანებს ბევრი რამ იმაზე მარტივად გვინდა, ვიდრე ეს საერთოდ შესაძლებელია. ეს კიდევ იმის ბრალია, რომ მხოლოდ ემოციით მოქმედება გვახსოვს და 2 წუთით გონება მივიწყებული გვაქვს. ეს კიდევ ფილმების, წიგნების, სპექტაკლების ბრალია, სადაც რეჟისორია ღმერთიც, ბედისწერაც, ნებისმიერი სიტყვაც, მოქმედებაც.. სადაც ყველაფერს მხოლოდ მწერალი წყვეტს და კალამი ასრულებს..
ეს ოცნებების ბრალიცაა. იმ ოცნებების, რომელზეც მომავალს ვაშენებთ, ვამყარებთ და წარმოგვიდგენია. ეს იმ გამყიდვლის ბრალია, ვინც მოტყუებით ფერად შუშიანი სათვალეები გვაყიდინა და დაგვარწმუნა, რომ მას ზამთრის მუქი, სუსხიანი ღამეები არ ეკარება. 
 

ეს იმ ილუზიების ბრალია, რომელსაც ვხატავთ, ვხატავთ..
ეს იმის ბრალია, რომ ხატვისას ვერ ვჩერდებით..
ეს იმის ბრალია, რომ გვჯერა ნახატის..
ეს ისეთი სურათის ბრალია, რომლის წარწერაც მეუბნება იმ მაღაზიის ნომერს, სადაც ბედნიერება იყიდება.

ეს იმ თვალების ბრალია, რომელმაც გვითხრა, 
რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
და ეს იმ გულის ბრალია, რომელმაც ყველაფერი დაიჯერა.
დიახ, ეს გული თქვენია.

 

 

***

ვემალები.
ზურგს ვაქცევ რეალობას.
ცუდია, მაგრამ ხანდახან საჭირო.
პატარაობაში კარგად ვთამაშობდი დახუჭობანას,
მაგრამ ახლა იმდენად კარგად აღარ გამომდის.
ვინც იხუჭება ჩემზე ძლიერი გამოდგა. მხედავს და "მასტუკებს"

                                      ***
თვალი გავახილე.
გადავწყვიტე თვითონ დავნახებოდი მას.
ჩამესმა ყურში "სტუკა".
ნელა, აუღელვებლად მივუახლოვდი და გვერძე ჩამოვუჯექი.
გაბედულად ვუთხარი :"აღარ ვთამაშობ"
ეწყინა,რადგან იცოდა,რომ ჩვენ შემთხვევაში წესი:
"თუ აღარ თამაშობ,ესეიგი წააგე"
არ მოქმედებდა ! 

ავდექი და წამოვედი. გზად ისევ შევხედე და ხმამაღლა შევძახე. 
"თუ ესე ძალიან გინდა თამაში, გადმო, ჩემს ეზოში ვითამაშოთ."

დრო წიგნისთვის

” With every book you buy, you should buy the time to read it. 

Karl Lagerfeld

 ვერ დაგეთანხმებით ძია კარლ, დრო კი არ უნდა იყიდო – მოიპოვო, შეინარჩუნო და პროდუქტიულად გამოიყენო. თანაც შეუფასებელია, ჯერ ვერც ერთი მაღაზიის დახლსა თუ ვიტრინაში ვერ მოხვდა, არც აუქციონზე გააქვს ვინმეს. ყველამ იცის, რომ მისი ყიდვის დრო არავის აქვს..
ხედავთ? დროს დროვე განაგებს და საერთოდ ჩვენ ყველა, ერთ დიდ, უსასრულო, ქაოსურ დროში ვართ მოქცეულები.
ვიღაც ხარჯავს, ვიღაც ინახავს, ვიღაც იყენებს, ვიღაც ფლანგავს, ვიღაცას საერთოდ არ აქვს, ვიღაც ჩამორჩა, ვიღაც კი პირიქით – უსწრებს. მაგრამ სამწუხაროდ დროის თამაშში წესი ” მე დროს ვუსწრებ და გავასწარი ” არ არსებობს. დრო უკვე მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონია სირბილში.
წიგნებიც დროზე არიან დამოკიდებულები. ისინი ხომ დროში იწერებიან, დროში წერენ და დროში კითხულობენ..
ძია კარლ, თქვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ წიგნთან ერთად განწყობა უნდა მოიპოვო.
მაგალითად მე დიდი ხანია უკვე განწყობის იმ ველს ვიქმნი, რომელიც ხელში წიგნს დამაჭერინებს და მის აზრში ჩამითრევს, დამკარგავს ლაბირინთებში და გზის პოვნას მე დამავალებს.
რამდენიმე დღეა რაც ხანგრძლივი დახუჭობანის შემდე ვიპოვე განწყობა, საკვირველი კი ის არის, რომ ჩემთანვე იყო; უბრალოდ მე ვერ ვეძებდი სათანადოდ.
ემოცია რომელიც კითხვის დროს მოდის გამოუთქმელია.
მსგავს მომენტში თვალები ფურცლისკენ უფრო ახლოს მიდიან, უმეგობრდებიან და უსირცხვილოდ აშტერდებიან.
ფიქრები სკამებზე სხდებიან თითოეული სიტყვის აღქმას იწყებენ.
თითები  უნებურად შლიან ახალ-ახალ ფურცლებს.
გონება დეტალურად იწყებს თითოეულ აბზაცში მომხდარი ცვლილების დამახსოვრება-გამოკვლევას.
გვერდების რაოდენობა კლებულობს.
ამ მომენტის უსასრულოდ გაგრძელების სურვილი კი პირიქით – მატულობს.
ყოველი ასეთი წამი ბედნიერია.
წამიც ხომ დროა, დროც ხომ წამია.
უბრალოდ წიგნმა და შენ ერთად უნდა შეძლოთ დროის შენარჩუნება.
სინამდვილეში კი მისი შენარჩუნება მარტივია.. მთავარი გსურდეს.
ამიტომ წიგნი დროის ყიდვაზე დაფიქრების გარეშე შეიძინე.
დრო, თავის დროზე დრომ უკვე იყიდა..
და შენ გადმოგცა..
შენია..

მე – მაკო მაკო – მე

Should I give up, or should I just keep Chasing Pavements .. even if it leads nowhere .. ჩვენი გახარებული დღეები მახსენდება და ვხვდები, რომ ყოველთვის, როცა ვიხედები უკან, გხედავ შენ . . ხარ ყველგან სადაც ჩემი ცხოვრებაა . . სადაც საერთოდ რამეა ჩემი .. რომელი ერთიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ ალბათ იქიდან დავიწყებ, საიდანაც ჩვენ ვიწყებით და ის წლები, როცა კლასის რიგში, პირველად მომკიდე ხელი და მითხარი, რომ ერთად დავჯდეთო . . მას მერე ერთად ვზივართ . . არა, არა ვიტყუები, იყო დრო როცა არც ერთად ვიჯექით, არც ერთად დავდიოდით და მოკლედ საერთოდ არ ვიყავით ერთნი . . ვიყურებოდით შორიდან და მაღლიდან .. შენ ბრაზობდი ჩემზე, მე კი – შენზე . . ორი ამაყი ადამიანიდან, არც ერთი დგამდა შერიგების ნაბიჯებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ორივეს პრინციპულმა გულმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე, რომელიმესთან მივიდოდა და რამეს ეტყოდა . . 1 წლიანი ფიქრის შემდეგ კი .. ნუ, ააღიარე რო მე მოვედი . . ქართულის გამოცდის მერე და არეული აზრები ნელ-ნელა დალაგებულად გადმოგილაგე .
რამდენი რამე ვილაპარაკეთ .. შენ იმ დროს გულის ფორმის თვალები გქონდა და აღფრთოვანებული გისმენდი . . 1 წლის განმავლობაში, რაც კი რამე გვქონდა დაგროვილი, ყველაფერი ვთქვით და ხანდახან ეხლაც გვეცინება, რეებს ვფიქრობდით ადრე, ორივეს მოკეტეს რეჟიმი რო გვქონდა ჩართული . .
რამდენი რამე მოხდა, ძალიან ბევრი და ზუსტად ვიცი, რომ სულ ესე იქნება ..
ჩემ ცხოვრებაში როგორც კი რაიმე ახალი ხდება, ან ძველი მახსენდება იცი შენ .. როცა რამე მწყინს, ან როცა რამე მახარებს იცი შენ და მიგებ შენ ..
მე შენ მიხარიხარ . .
არ მითქვამს შენთვის არასდროს, მაგრამ ეხლა გეტყვი ..
არის მომენტები, როცა გზად რაღაც ცუდს გადავეყრებით, ვნერვიულობთ, განვიცდით .. იცი, მე ესეთ დროს რას ვფიქრობ ხოლმე .. ? როდის დავურეკავ მაკოს და ვეტყვი . .
ამ ბოლო დროს იმასაც ვამჩნევ , რო ვფიქრობ რას იზამდი მაგალითად შენ ჩემს მაგივრად, ან რას მირჩევდი შენ .. რას თვლი სწორად . .
ჩემთვის შენი აზრები მნიშვნელოვანია და ყოველთვის ამ პოზიციაზე დარჩება ..
ეხლა კედელზე დაკიდებულ ჩვენ სურათებს ვუყურებ და ისე მეღიმება . . რა კაია .. სხვებს რო ვუყურებ ვფიქრობ ხოლმე .. “ როგორ არიან საუკეთესო მეგობრის გარეშე “ .. რაღაცნაირი, ხალხის მიერ გაცვეთილი და დადაბლებული სიტყვა გახდა ეს “საუკეთესო” მეგობარი, მაგრამ ჩემთვის ამ გაცვეთილობას შენ ანახლებ .. ჩემთვის საუკეთესო ხარ, იმიტომ, რომ შემიძლია გითხრა ყველაფერი .. თუნდაც ჩემი ამაზრზენი და სხვისთვის მიუღებელი აზრები. იცი რა ? ! მე სულ არ მეშინია იმის, რომ შენ მეტყვი : რატო აკეთებ ეგრე? არასწორი ხარ .. პირიქით, მე რო შენ ეს არ გითხრა, უარესად ვიქნები ..იცი თითქოს ვალდებულებად მექცა, რომ ჩემი თითოეული დდღის, თითოეული დეტალი იცოდე .. იყო ყოველდღიურობის ნაწილი და მონაწილე ყველაფრისა რაც ირგვლივ ხდება .. ვალდებულება ამ შემთხვევაში ცუდად არ მიიღო, ეს ვალდებულება მე თავად შევიქმენი, მე თვითონ მსიამოვნებს ამ ვალდებულებით ყოფნა, რადგან ვიცი, რომ ჩემთვის ეს არის საჭირო და უკეთესი ..
აი თუ აკვირდები .. გარდა ახლოს ყოფნისა, რაღაცნაირად პატივს ვცემთ ერთმანეთს.. შეიძლება არც ეს მითქვამს, მაგრამ მიჭირს შენთან კამათი.. დაკვირვებული ხარ, რო როგორც კი რაღაც პრეტენზია გაგვიჩნდება, ყოველთვის თითქოს იუმორნარევიანი გაბრაზებით ვეუბნებით ერთმანეთს : ქალბატონოოოო, რატო არ დამირეკე?
აი მე ხო ვგრძნობ .. ორივეს რაღაცნაირად არ გვინდა ხოლმე გაბრაზება და ეს ძალიან კარგია .. უმნიშვნელო რაღაცეების გამო არ ვძაბავთ ერთმანეთს ..
რაც უფრო ვიზრდებით, ვხვდები რო უფრო ვზრუნავთ ყველაფერზე .. ვიღაცისთვის არაფრის მომცემი და უფერული რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ისიც ბედნიერებაა, კევს რო გავუყოფთ, ან შევუნახავთ ერთმანეთს ..
მე ისიც მიხარია, ხანდახან ჩვენი სახელები რო ეშლებათ .. შენ ლიკას, მე კი – მაკოს რო დამიძახებენ .. ეს ორი სახელი ერთმანეთის გარეშე რაღაცნაირად, ცარიელად რო წარმოითქმის ისიც მახარებს . .
ორივე ერთიდაიგივე რაღაცეებს რო ვამჩნევთ, ვაკრიტიკებთ, მერე თვალებით რო გადავხედავთ ერთმანეთს აგვიტყდება ჩვენი უმიზეზო სიცილი, ცანცარი ..
რაღაც რო მინდა მოგიყვე და ჩემი ემოციები გადმოგცე, ხანდახან სიტყვა : აი აი აი აი აი აი აი აი – ც კმარა ხოლმე .. შენ ხვდები ჩემს გრძნობებს და იცი როგორ ვარ . .
მართლა, მთელი გულით მიხარია რო ხარ ..
მაგ გულით, ბევრი რამის გაგება შეგიძლია ..
სავსეა ჩემი ყუთი ტკბილი მოგონებებით
.. ერთმანეთთან დაკავშირებული თითოეული დღე, ამბავი .. არაფერი ცალ-ცალკე.. ყველაფერი ერთად..
ყველაფერი ერთად იქამდე, სადამდეც სიტყვა “ სულ “ გრძელდება . .
სულ სულ სულ . . .

სანამ შენ გეძინა..

არაფერ შუაშია სანდრა ბალოკის ფილმი..
უბრალოდ ეს ყველაფერი მართლა მაშინ ხდებოდა სანამ შენ გეძინა, უფროსწორად როცა შენ ჩაგეძინა .. 

 ჩემმა თვალებმა, განსხვავებით შენი თვალებისგან, უარი თქვეს დაძინებაზე. გვინდა მზეს პირველებმა ჩვენ შევხედოთო..
არადა, კარგი იქნებოდა მიუხედავად სიშორისა, ჩემსა და შენს თვალებს,  მაინც ერთად ეყურებინათ ცის ლურჯად განათებისთვის.
მაგრამ კარგი.. იაპონიაში იყოს.
სანამ შენ გეძინა, ბევრი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ..
მაგრამ ხო იცი,  მე მიყვარს როცა ერთად ვიცინით. შენ ჩემი ხმადაბალი, ხანდახან საერთოდ ჩუმი სიცილიც კი გესმის. იმედია მაშინაც გესმოდა,  სანამ გეძინა.
სანამ შენ გეძინა ბევრს ვფიქრობდი..
სანამ შენ გეძინა აზრები არ მტოვებდნენ..
სანამ შენ გეძინა შენი გაღვიძება მინდოდა..
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ ვერ გაგაღვიძებდი..
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ ამქვეყნად, არაფერი არის სტაბილური, გარანტირებული, შეუცვლელი, პროგნოზირებადი.
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ მე ეს სტაბილურობა ვიპოვე ..
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ ეს სტაბილურობა შენ ხარ..