მადლობა ლიტერატურას და იმ კაცს, ვისაც ის ძლიერ უყვარდა.

ყოველთვის მჯეროდა რომ მათემატიკაშიც იყო რაღაც უზუსტობა.
მადლობა ლიტერატურას და იმ კაცს, ვისაც ის ძლიერ უყვარდა.
მათემატიკის უზუსტობაზე ნახევრად ხუმრობით, 
ხოლო იმ კაცზე,სავსებით სერიოზულობით.

ცოტახნით მომინდა მისი თვალებით ვხედავდე სამყაროს და 
ავტობუსშიც მისნაირად ვფიქრობდე.
მერე მივხვდი, რომ ცოტახნით კი არა, მინდა სულ ასე ვხედავდე.
მინდა მსოფლიოში უამრავი კარცერ-ლუქსი არსებობდეს 
და თითოეულ მათგანში მქონდეს საკუთარი ადგილი.
მერე კი მივხვდი, რომ თუ არ არსებობს კარცერ-ლუქსი..
მერე მივხვდი რომ არსებობს.
მერე კი მივხვდი რომ ის ყველას აქვს.
მერე მივხვდი რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს.
მერე კი მივხვდი, რომ ნებისმიერ ადგილას 
სადაც უბრალოდ კითხვა მოგინდება.
მერე მივხვდი, რომ მე მომინდა სამყარო წავიკითხო.

``აი, ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი, და მის გვერდით კი... ვინმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ, ძალიან დიდი... ოო, მაგაზე უკეთესს რას მეტყოდი, ჰოდა, ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ, მერე რა, სხვადასხვა ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ, მაშინაც კი იქნებოდა ვინმე ასეთი, ვთქვათ, ერთად დგანან - ოცნებით სავსებით შეიძლება საუკუნეთა წიაღში გასეირნება - ჰოდა, ჩემოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ - რამდენი კაცი დგას ქუჩაში? - იტყვის: „ორი...“ აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ „ორი“ - ის და ის - ესე იგი - ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება..``
Advertisements

ნაწყვეტები 99 ფრანკიდან

“ყველაფერი წამავალია:სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. აბა როგორ უნდა მიხვდე, რომ დღევანდელი დღეა შენი ცხოვრების უკანასკნელი დღე? არადა, სულ გგონია, დრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს-ბრახ!”

”როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა, რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის ”მინდა თუ არა ეს ბავშვი?”, არამედ ”ვრჩები თუ არა ამ ქალთან?”

„სარეკლამო მენეჯერის როლს ადრე კომედიებში პიერ რიშარი ასრულებდა. მაშინ რეკლამა ხალხს აცინებდა, ახლა კი ღიმილსაც აღარავის გვრის. საქმიანობა, რომელიც ერთ დროის თამაშ-თამაშით დაიწყო, ახლა ჩვენს ცხოვრებაზე ბატონობს: აფინანსებს ტელევიზიებს, თავის ნებაზე ატრიალებს ბეჭდვით მედიას, მართავს სპორტს, აყალიბებს საზოგადოებას, განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას.”

„მხოლოდ მოწყენილობა აძლევს ადამიანს საშუალებას დატკბეს აწყმოთი, დასავლეთის მცხოვრებნი ოღონდაც კი მოწყენილოობას გაექცნენ რას აღარ მიედ-მოედებიან: ეს ტელევიზორიო, კინოო, ინტერნეტიო, ტელეფონი, ვიდეოთამშები. ისინი უკვე აღარ მონაწილეობენ იმაში, რასაც აკეთებენ. თითქოს საკუთარი ნებით კი არა, მინდობილობით ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე. თითქოს სამარცხვინო იყოს ისუნთქო აქ და ახლა. კაცი, რომელიც ტელევიზორს უყურებს ან ინტერაქტიულ საიტზეა შემძვრალი, არ ცხოვრობს. ის არ არის იქ, სადაც არის, თითქოს სხვა სამყაროში გადავიდაო. მალე ხელსაწყოები მომსახურების ზონიდან გასულ აბონენტებად დაგვაფიქსირებს და მერე ვეღარავის დააჯერებ, რომ აქ ხარ და არა იქ. პასკალის შემდეგ არაფერი შეცვლილა: ადამიანი სიკვდილის შიშის დაძლევას გართობით ცდილობს, მაგრამ ეს გართობა ისეთი ყოვლისმომცველი გახდა, რომ ლამის ღმერთი შეცვალოს. როგორ გავექცეთ გართობას? ამაზე ადვილი არფერია: უბრალოდ დავუმეგობრდეთ მოწყენილობას“
ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე. ამ წიგნს იმისთვის ვწერ სამსახურიდან რომ დამითხოვონ. ჩემით რომ წამოვიდე კომპენსაციას აღარ მომცემენ. მე თვითონ უნდა მოვჭრა ის ტოტი ჩემივე კეთილდღეობაა რომაა ჩამოკიდებული. ჩემს თავისუფლებას ახლა უმუშევრობის დაზღვევა ჰქვია. მირჩევნია უფროსმა დამითხოვოს ვიდრე სიცოცხლემ. მეშინია და იმიტომ! ირგვლივ ჩემი კოლეგები პანტაპუნტით იხოცებიან: ჰიდროკუცია, კოკაინის გადაჭარბებული დოზა – მიოკარდიუმის ინფარქტად გასაღებული, ავიაკატასტოფა, ავარია. ჰოდა, წუხელ დამესიზმრა, ვითომ ვიხრჩობოდი. ვხედავდი როგორ მივყვებოდი დინებას, ფარფლებზე ვეჭიდებოდი უაზარმაზარ თევზს და ფილტვები წყლით მქონდა სავსე. ნაპირიდან ვიღაც ლამაზი ქალი მეძახდა. პასუხს ვერაფრით გავცემდი – პირი მარილიანი წყლით მქონდა სავსე. ვიხრჩობოდი და შველას მაინც არ ვითხოვდი. და განა მარტო მე, ყველა ასე იყო – ყველა დინებას მიჰყვებოდა და დახმარებას არ ითხოვდა. ვფიქრობ, დროა ყველაფერს თავი დავანებო – ზედაპირზე ტივტივი აღარ მეხერხება.
ყველაფერი დროებითია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ერთი ჩვეულებრივი პროდუქციაა რეალიზაციის განსაზღვრული ვადით. აი რატომ გადავწყვიტე 33 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა. მგონი ეს იდეალური ასაკია სიკვდილის მერე რომ აღსდგე.

როცა ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის ნაგროვები თანხით თქვენი ოცნების მაქანას შეძენთ, – აი იმას, ჩემი ბოლო სარეკლამო კამპანიის დროს რომ შემოგაჩეჩეთ, – მე მას უკვე მოდიდან გამოვიყვან. მე ხომ ყოველთვის წინდაწინ ვიცი რა იქნება მოდაში და ყველაფერს ვაკეთებ სახტად რომ დაგტოვოთ. გლამური ის ქვეყანაა ვერასდროს რომ ვერ მიაღწევთ. მე თქვენ ნარკოტიკივით გაჩვევთ სიახლეებს, სიახლის უპირატესობა კი ისაა, რომ არასოდეს რჩება ახალი. ყოველთვის მოიძებნება ახალი სიახლე წინა რომ დააძველოს. ჩემი სამუშაო იმაშია, გამუდმებით ნერწყვი გაყლაპოთ. ჩემი პროფესიის ხალხს თქვენი ბედნიერება არ აწყობს, რადგან ბედნიერი ადამიანები აღარ მოიხმარენ…

“ვხარჯავ მაშასადამე ვარსებობ.”

ევრო იმისთვის იქნა გამოგონილი მდიდრების ხელფასი გაცილებით ნაკლებ აღმაშფოთებლად რომ გამოიყურებოდეს.

ნაწყვეტები სამოსელი პირველიდან

ლამაზ-ქალაქი


“ზეზუხბაია, შენ, ვერასოდეს ვერ შეგიყვარებ, რადგან რაღაცნაირად… როგორ აგიხსანა?! რაღაცნაირად, სხვანაირი ხარ – ამდენი ხანია, ერთად დავიარებით და გაღიმებული არ მინახიხარ, ტირილიც არ შეგიძლია, გულით რომ ვერასოდეს გაიცინებ და, საერთოდ, ვერაფერს გააკეთებ გულით…”

“დუმილის დროსაც მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი. – ხმადაბლა ამბობდა ალექსანდრო.”

“ის მოდიოდა ლაღი,თამამი,და რაღაც სიცელქე აშკარად ჩაეხვია გულში–მწვანე თვალები ისე უბზინავდა. დათოვლილ გორაკზე ადიოდა ტერეზა, ოდნავ წინგადახრილი, ცალი ხელით დოინჯი შემოეყარა, მეორეს კი ლამაზად არწევდა ყოველი მოხდენილი ნაბიჯისთანავე. გრძელი ქურქი ეცვა, დიდი, მამისეული ტლანქი ჩექმები და მაინც ისე მოხდენილად, ისეთი რწევით ამოდიოდა… სქელი თავსაფარი მაგრად გაენასკვა ყელზე, ტუჩებმოკუმული, ღიმილს ძლივსძლივობით იკავებდა და პაწია ფოსო ჯიუტად აჩნდა მხოლოდ ცალ, სუსხით ნაზად შეფერილ ლოყაზე, თხელი, ფაქიზი ნესტოები სიცივეში უთრთოდა.ტერეზა ამოდიოდა  გორაკზე, ტერეზა, თავით–ფეხებამდე ქალი, ლაღი, თავნება და ქალურობით მაინც  ტანსაცმლიანად გაჟღენთილი, უცნაური, ახირებული მოძრაობები თითქოს  აშიშვლებდნენ გაოგნებული მამაკაცების თვალში და აუუ, როგორ სძულდათ  სუყველაფერი, რაც კი ტერეზას იმ სუსხიან დილით ეცვა. ქალი ამოდიოდა თოვლში,ახალგაზრდა, ბედნიერი ქვრივი, და არაფრისა დარდი არა ჰქონდა, მოაბიჯებდა. ის გორაკი რომ ამოიარა, შედგა, უნებურად წრე შემოარტყეს, ტერეზამ კი თვსაფარი შეიხსნა, ქურქი მოიღეღა, ჩექმებიანი ფეხი ღონივრად დაჰკრა თოვლზე და ხელი შემართა. გაოცებულნი უმზერდნენ, ტერეზამ კი ფეხები აათამაშა თოვლზე, შეჩერდა და… თეძოზე დაირტყა ხელი. მერე შებრუნდა, მხარი ლოყამდე აზიდა, ხელები განზე გაშალა, ფეხის წვერებზე აიწია და, უეცრად მკერდზე ხელებმიხუტებული, ადგილზე გაქვავდა. და სანამ გაოცებული ლამაზ–ქალაქელები დაჭყეტილ თვალებს დაახამხამებდნენ, ტერეზა ოდნავ, მსუბუქად შეხტა და ყველანი ერთად მიხვდნენ – ცეკვავდა ქალი. ტერეზა ცეკვავდა პირველ თოვლზე,მხოლოდ მისთვის გასაგები ბედნიერებით ბედნიერი, ტერეზა ცეკვავდა რომელიღაც უცნობ, სახელდახელოდ გამოგონილ ცეკვას, გრძელი თმა უფრიალებდა, უცახცახებდა მხრები, ერთიანადაც ცახცახებდა და გამწარებული იღიმებოდა ცეკვისას  თვალდახუჭული ქალი და ირგვლივ – თოვდა… დიდი ჩექმებით ტკეპნიდა თოვლს  აცეკვებული ქალი – ტერეზა და ის არნახული ხელების ქნევა სხვას თუ სასაცილოს გახდიდა, ტერეზას უცნაური, ყოვლის მომრევი სისასტიკით ამშვენებდა, ქალი  ცეკვავდა მათ თვალწინ, წრეში, გამაღიზიანებელი, ჩასაქოლი და მაინც თითსვერავინ დააკარებდა – ყველას უყვარდა, და სძულდათ კიდეც – ცეკვისას ისეუცნაურად ამაღლებული და მიუწვდომელი, ის კი შეჩერდა, ოდნავ უკან გადაიხარა,მოქანცულმა, მარცხენა ხელი თითქოს ძლივს ასწია, გრძელი, მოქნილი, წვეტიანი თითები დომენიკოსკენ გაიშვირა და იმისთვის ზედაც არ შეუხედავს, სიჩუმეში ხალხს იმ თავისი ლამაზი, დაბალი ხმით ასე უთხრა: ეს ბიჭი მომწონს …”

"- დაგვლოცეთ, მამა! - მიმართა მანუელო კოსტამ
გაკვირვებისგან შიგ თიხაში ჩამჯდარ ჟოაოს.
- ვინაა შენი მამა! - ისე იფეთქა, ვერავინ მოასწრო თვალი მოეკრა,
როგორ წამოვარდა ფეხზე ჟოაო, -
ვინაა შენი... კონსენსიონ, წადი ახლავე სახლში, დედაშენის ბრალი იქნება ყველაფერი,
დაგხოცავთ სუყველას!
- გაგიჟდი, ჟოაო, შვილო? - მიმართა ჟოაოს ცოლის დედამ
- ვინაა შენი შვილი! ვინაა ამის მამა! მამაო! შვილიო! ვინ ხართ! - გაჰყვიროდა ჟოაო"

"-რატომ ტიროდი?--ხმადაბლა დაეკითხა სილვია კონჩეტინას.
-არავის ეტყვი?
-არა.
-მე მგონი, ვინსენტეს ვუყვარვარ, ის კი ცოლიანია და მისი ცოლი მეცოდებ.
-რა იცი..
-რა, რავიცი..
-რომ უყვარხარ.
-ნამცხვარი შემომთავაზა."


მიჩინიოს სიტყვები: "დედამიწას სიყვარული ატრიალებს!” 

"ტერეზა - მხოლოდ მისთვის გასაგები ბედნიერებით ბედნიერი" 
 
``სიკვდილი რომ არ იყოს - აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი,
მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, 
სიკვდილი რომ არ იყოს.
არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა,
მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ.
არც ოსტატური სიტყვა-პასუხი,არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ
და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი,
არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით..
ვიღა გაგვარჩევდა,სიკვდილი რომ არ იყოს...
მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა,
ახლა კი, ახლა,სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი,
მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა,
ჰეე,სიკვდილი რომ არ იყოს...” 

"მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი 
და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან 
გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი 
მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და 
აობაბივით დიადდებოდა...''

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე..და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე,
სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი,
ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა,
და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ,
ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ...

დრო წიგნისთვის

” With every book you buy, you should buy the time to read it. 

Karl Lagerfeld

 ვერ დაგეთანხმებით ძია კარლ, დრო კი არ უნდა იყიდო – მოიპოვო, შეინარჩუნო და პროდუქტიულად გამოიყენო. თანაც შეუფასებელია, ჯერ ვერც ერთი მაღაზიის დახლსა თუ ვიტრინაში ვერ მოხვდა, არც აუქციონზე გააქვს ვინმეს. ყველამ იცის, რომ მისი ყიდვის დრო არავის აქვს..
ხედავთ? დროს დროვე განაგებს და საერთოდ ჩვენ ყველა, ერთ დიდ, უსასრულო, ქაოსურ დროში ვართ მოქცეულები.
ვიღაც ხარჯავს, ვიღაც ინახავს, ვიღაც იყენებს, ვიღაც ფლანგავს, ვიღაცას საერთოდ არ აქვს, ვიღაც ჩამორჩა, ვიღაც კი პირიქით – უსწრებს. მაგრამ სამწუხაროდ დროის თამაშში წესი ” მე დროს ვუსწრებ და გავასწარი ” არ არსებობს. დრო უკვე მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონია სირბილში.
წიგნებიც დროზე არიან დამოკიდებულები. ისინი ხომ დროში იწერებიან, დროში წერენ და დროში კითხულობენ..
ძია კარლ, თქვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ წიგნთან ერთად განწყობა უნდა მოიპოვო.
მაგალითად მე დიდი ხანია უკვე განწყობის იმ ველს ვიქმნი, რომელიც ხელში წიგნს დამაჭერინებს და მის აზრში ჩამითრევს, დამკარგავს ლაბირინთებში და გზის პოვნას მე დამავალებს.
რამდენიმე დღეა რაც ხანგრძლივი დახუჭობანის შემდე ვიპოვე განწყობა, საკვირველი კი ის არის, რომ ჩემთანვე იყო; უბრალოდ მე ვერ ვეძებდი სათანადოდ.
ემოცია რომელიც კითხვის დროს მოდის გამოუთქმელია.
მსგავს მომენტში თვალები ფურცლისკენ უფრო ახლოს მიდიან, უმეგობრდებიან და უსირცხვილოდ აშტერდებიან.
ფიქრები სკამებზე სხდებიან თითოეული სიტყვის აღქმას იწყებენ.
თითები  უნებურად შლიან ახალ-ახალ ფურცლებს.
გონება დეტალურად იწყებს თითოეულ აბზაცში მომხდარი ცვლილების დამახსოვრება-გამოკვლევას.
გვერდების რაოდენობა კლებულობს.
ამ მომენტის უსასრულოდ გაგრძელების სურვილი კი პირიქით – მატულობს.
ყოველი ასეთი წამი ბედნიერია.
წამიც ხომ დროა, დროც ხომ წამია.
უბრალოდ წიგნმა და შენ ერთად უნდა შეძლოთ დროის შენარჩუნება.
სინამდვილეში კი მისი შენარჩუნება მარტივია.. მთავარი გსურდეს.
ამიტომ წიგნი დროის ყიდვაზე დაფიქრების გარეშე შეიძინე.
დრო, თავის დროზე დრომ უკვე იყიდა..
და შენ გადმოგცა..
შენია..