მსგავსება გარდერობსა და ცხოვრებას შორის..

ახლახანს გავახილე ღილები. მზემაც ჩვეული, მხურვალე სხივით მაცნობა თავისი ამოსვლა.
თქვენც დილა მშვიდობისა !
ფანჯრიდან ისეთი ფერადი ჰაერი შემოდის.. დიდი სიამოვნებით გავიდოდი გარეთ. ნეტავ კითხვაზე “დღეს რა ჩავიცვა?” პასუხი მე ვიყო..
ზაფხულში წესით ჩემნაირი კაბებით უნდა დადიოდეთ.
რა დროს ჯინსია, ძილისგუდა.. ახლაც ძინავს და მგონი, სულაც არ აპირებს გაღვიძებას, მაგას ან სეირნობის, ან სუფთა ჰაერის რა ესმის.

როგორი არეულობაა..
გარდერობშიც და მის ცხოვრებაშიც.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორივეს დალაგება ეზარება.
ისე როგორი მსგავსებაა ჩემს სახლსა და შენს ცხოვრებას შორის. აქაც, გარდერობშიც არის წარსული, აწმყო და მომავალი. მე ამჟამად აწმყოს წარმოვადგენ, მაგრამ 1-2 დღეში გარეთ თუ არ გამიყვან, მეც წარსულს ჩავბარდები,დამედება მტვერი..
ცხოვრებაშიც ხომ ასეა..
დგახარ გზაზე, უამრავი არჩევანია შენ კი არ იცი, რომელი ამოირჩიო.
პირდაპირ მეცინება. ნეტავ მანდ, ცხოვრებაშიც თუ არსებობს ტენდენციური არჩევანი, მოდური გადაწყვეტილება და ინდივიდუალური “სხვის აზრს არ ვითვალისწინებ”..
ალბათ იქნება, თორემ ტანსაცმლები ადამიანებს რას დაგასწრებენ.
ხანდახან ისეთი მოწყენილი მეჩვენები, რა ბედნიერებაა კაბა რომ ვარ.
მერე რა თუ შენ, ქალბატონო მეტიჩარა, დღეის იქით აღარც გაგახსენდები.. ხომ დახედავ მე რო გამშვენებდი იმ სურათებს და მიხვდები, რა მნიშვნელოვანი ვიყავი შენს გარდერობში.
კიდევ მეცინება.. თანაც პირდაპირ მეცინება.
კაბებზე კი არა, თქვენ, ადამიანები, ერთმანეთზეც ასე ხართ ხომ? მეუცნაურებით. ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ და იმასაც არ აკეთებთ. ცოტა გაიღიმე ხო შეიძლება არა? და კიდე.. თუ მოძველებული მოგეჩვენები, ვერ განმაახლებ? გამოგელია აქსესუარები??
არა,  მივხვდი.. ცხოვრებაშიც ასე ხართ. გამაგიჟებთ.. თუ ხვდები, რომ რაღაც ვინტაჟს ემსგავსება, დაუმატე ცოტა ახალი ტენდენცია და ღიმილი, მზიანი დღეები დ აგამოსწორდება რა..
ნუ მაფიქრებინებ, რომ ხის ყუთი სახელად – გარდერობი, ბუნებით სავსე – ცხოვრებას ჯობს..ან გავს.. დავიჯერო გინდა შენი კარადა უფრო ლამაზი იყოს, ვიდრე შენი ცხოვრება? ყურადღება და მზე ხალხსაც გაუნაწილე და ბედნიერებას რომ იგრძნობ, მიხვდები.. როგორ ჯობს ცხოვრება გარდერობს. და თუ შენ, ახლა მართლა დაინახე მსგავსება ამ ორს შორის და არ მოგეწონა, ეცადე ყველაზე დიდ განსხვავებებად აქციო.
ვიცი, რომ მოახერხებ. დაალგებ გარდერობსაც და ცხოვრებასაც, მაგრამ დაინახავ განსხვავებას და ცხოვრებას უფრო მოიწონებ..
როგორც ჩანს, ტყუილად არ მილაპარაკია. ჩემი ჩაცმა გადაწყვიტე?? ♥♥

ქალის სილუეტი – ელი სააბი

დახვეწილი და მიმზიდველი ..
სექსუალური და ნაზი ..
მკაცრი, მაგრამ თბილი .. – ელი სააბის კაბების ადრესატი ქალბატონის კრიტერიუმები სწორედ ასე გამოიყურება.
47 წლის ლიბანელმა დიზაინერმა, გატაცება პროფესიად 18 წლის ასაკიდან აქცია და პირველად ბეირუთში დააფუძნა მისი ლეიბლი. ელი სააბის მთავარი მოდის სახლი ლიბანშია. ვორქშოფები აქვს ასევე მილანსა და პარიზში.
1997 წელს, სააბი იყო პირველი არა-იტალიელი დიზაინერი, რომელიც გახდა Camera Nazionale della Modaს წევრი და პირველი ჩვენებაც ამავე წელს, რომში მოაწყო.. მას შემდეგ მისი ლეიბლი მთელს მსოფლიოშია ცნობილი და მრავალი ქალბატონის ოცნებაა, ეცვას ელი სააბი.
თავად თქვა, რომ კოლექციას თავდაჯერებული, ნაზი, მაგრამ ძლიერი ქალბატონებისთვის ქმნის და ყველა აღნიშნავს, რომ ვერც ერთი დიზაინერი ქმნის კაბებს ქალებისთვის, როგორც ელი სააბი.

ძვირფასი თვლებით მოჭედილი, გამჭვირვალე და საოცარ ფერებთან ერთად მოთამაშე, ნაზი კაბები ელი სააბის ნებისმიერი კოლექციის შემადგენელი ნაწილია.

კარგად თუ დააკვირდებით, მისი კოლექციებში გათვალისწინებულია მოდის ყველა ზოგადი ტენდენცია, მაგრამ მისი არც ერთი კაბა არასდროს ჰგავს სხვა დიზაინერების ნამუშევრებს და ყოველთვის ყველასგან გამოირჩევა. ხანდახან მგონია, რომ ეს კაბები ყინულის დედოფალს უნდა ეცვას, თუმცა იმ დედოფალს, რომელსაც თბილი გული და დიდი ძალა აქვს.

სააბის კაბები უხდება წელიწადის ოთხივე დროს და თითოეულ მათგანში ასახავს განსხვავებული ქალის ბუნებას, ქალის ისეთ სილუეტს, რომლის დანახვაც ყველას არ შეუძლია. ხშირად ამბობენ მასზე, რომ ზუსტად იცის, როგორი კაბები სურთ ქალებს.

მისი შემოქმედება მხოლოდ კაბებით არ შემოიფარგლება, მაგრამ რათქმაუნდა მხოლოდ ქალებს ეძღვნებათ. სააბის კოლექციები საშუალებას იძლევა თავი არა მხოლოდ წვეულებებზე, არამედ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც სამსახურში, განსხვავებულად და გამორჩეულად წარმოადგინოთ.

პირადად მე, ლამაზ კაბაზე, ყოველთვის ელი სააბი მახსენდება და ვფიქრობ, ნებისმიერმა ქალმა, ერთხელ მაინც უნდა შეძლოსდა ჩაიცვას კაბა – ლეიბლით ელი სააბი !