სულის სერფერი – ნაპოვნი ძალა

ამ ბოლო დროს ზედმეტად ემოციური გავხდი, პატარა წვრილმანზეც კი ცრემლები მომდის და ვეღარ ვჩერდები (თუ გინდათ შემეჯიბრეთ).. ხოდა ზუსტად ასე დამემართა სულის სერფერის ყურების დროს. ფილმი ნამდვილი ისტორიის მიხედვით არის გადაღებული,რასაც ბოლოს ნაჩვენები კადრებიც მოწმობენ..
კინოს მთლიანი შინაარსის მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებ, ამიტომ
მოკლედ გეტყვით, რომ ბეთანი ჰამილტონი ჰავაის კუნძულებზე გაიზარდა და ბავშვობიდან სერფინგით იყო გატაცებული, თუმცა ამას უკვე გატაცება აღარ ერქვა და მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული, მაგრამ 13 წლის ასაკში უბედურმა შემთხვევამ ბეთანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა..
რა და როგორ მოხდა თავად ნახეთ.. მე უბრალოდ ჩემს ემოციებს გამოვხატავ ფილმთან დაკავშირებით.
პირველ რიგში მიმიზიდა გადაღების ადგილმა – ჰავაიმ. თავისი ბუნებით, წყლით, ქვიშით, სერფერებით და საერთოდ  იმ გარემოთი, რომელიც ფილმში იყო ასახული.
გამიჩნდა სურვილი სახლი მქონოდა ზუსტად იქ, სადაც ბეთანი ცხოვრებდა. რა ჯობს შენი ოთახის ფანჯრიდან ოკეანე რომ მოჩანს..
გარდა ვიზუალისა მომინდა  ერთხელ მაინც ვისრიალო სერფინგის დაფით დიიიიიიიდ ტალღებზე, მაგრამ ფილმში მთავარი, ყველა ემოციური მხარე მთავარი გმირის სულიერი სიმტკიცე, ნებისყოფა და გამოულევი ძალა არის.
გაკვირვებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ფილმში ვნახე. ამხელა შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მოახდენდა, ნამდვილი ამბავი რომ არ ყოფილიყო.
სულის სერფერმა დამაფიქრა იმაზე, რომ დიდ შავ ლაქაზეც შეიძლება პატარა, თეთრი წერტილი იპოვო.
დამაფიქრა იმაზე, რომ სასოწარკვეთასა და დეპრესიაში არ უნდა ჩავარდე, არ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება მოეშვა, ჩაგეძინოს.
დამაფიქრა იმაზე, რომ თუ რაღაც არ გამოგდის, მაგრამ მთელი გულით გინდა, უამრავჯერ უნდა სცადო, მანამ, სანამ არ გამოგივა.
დამაფიქრა, რომ ცხოვრების ხალისი არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ტრაგედიის შემთხვევაში უნდა დაკარგო.
დამაფიქრა და მიმახვედრა, რომ როცა რამე ცუდი ხდება, მას ყოველთვის კარგი მოყვება.
დამაფიქრა იმაზე, რომ ცხოვრებაში იქნება რაღაცები, რასთან შეგუებაც მომიწევს.. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა ეს.
დამაფიქრა და მიმახვედრა, რომ ჩემი ცხოვრება ჩემს ხელშია. ჩემი ნებისყოფა, ძალა, სიმტკიცე, სურვილები, ჩემს ხელშია და მე განვაგებ მათ.
მიმახვედრა, რომ მუდამ უნდა იბრძოლო !
მიმახვედრა, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში საჭირო ვარ.
მიმახვედრა, რომ “Nothing is impossible, the word itself says ‘I’m possible’!”
დამაფიქრა, მიმახვედრა და მაპოვნინა ძალა..

Advertisements