დრო წიგნისთვის

” With every book you buy, you should buy the time to read it. 

Karl Lagerfeld

 ვერ დაგეთანხმებით ძია კარლ, დრო კი არ უნდა იყიდო – მოიპოვო, შეინარჩუნო და პროდუქტიულად გამოიყენო. თანაც შეუფასებელია, ჯერ ვერც ერთი მაღაზიის დახლსა თუ ვიტრინაში ვერ მოხვდა, არც აუქციონზე გააქვს ვინმეს. ყველამ იცის, რომ მისი ყიდვის დრო არავის აქვს..
ხედავთ? დროს დროვე განაგებს და საერთოდ ჩვენ ყველა, ერთ დიდ, უსასრულო, ქაოსურ დროში ვართ მოქცეულები.
ვიღაც ხარჯავს, ვიღაც ინახავს, ვიღაც იყენებს, ვიღაც ფლანგავს, ვიღაცას საერთოდ არ აქვს, ვიღაც ჩამორჩა, ვიღაც კი პირიქით – უსწრებს. მაგრამ სამწუხაროდ დროის თამაშში წესი ” მე დროს ვუსწრებ და გავასწარი ” არ არსებობს. დრო უკვე მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონია სირბილში.
წიგნებიც დროზე არიან დამოკიდებულები. ისინი ხომ დროში იწერებიან, დროში წერენ და დროში კითხულობენ..
ძია კარლ, თქვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ წიგნთან ერთად განწყობა უნდა მოიპოვო.
მაგალითად მე დიდი ხანია უკვე განწყობის იმ ველს ვიქმნი, რომელიც ხელში წიგნს დამაჭერინებს და მის აზრში ჩამითრევს, დამკარგავს ლაბირინთებში და გზის პოვნას მე დამავალებს.
რამდენიმე დღეა რაც ხანგრძლივი დახუჭობანის შემდე ვიპოვე განწყობა, საკვირველი კი ის არის, რომ ჩემთანვე იყო; უბრალოდ მე ვერ ვეძებდი სათანადოდ.
ემოცია რომელიც კითხვის დროს მოდის გამოუთქმელია.
მსგავს მომენტში თვალები ფურცლისკენ უფრო ახლოს მიდიან, უმეგობრდებიან და უსირცხვილოდ აშტერდებიან.
ფიქრები სკამებზე სხდებიან თითოეული სიტყვის აღქმას იწყებენ.
თითები  უნებურად შლიან ახალ-ახალ ფურცლებს.
გონება დეტალურად იწყებს თითოეულ აბზაცში მომხდარი ცვლილების დამახსოვრება-გამოკვლევას.
გვერდების რაოდენობა კლებულობს.
ამ მომენტის უსასრულოდ გაგრძელების სურვილი კი პირიქით – მატულობს.
ყოველი ასეთი წამი ბედნიერია.
წამიც ხომ დროა, დროც ხომ წამია.
უბრალოდ წიგნმა და შენ ერთად უნდა შეძლოთ დროის შენარჩუნება.
სინამდვილეში კი მისი შენარჩუნება მარტივია.. მთავარი გსურდეს.
ამიტომ წიგნი დროის ყიდვაზე დაფიქრების გარეშე შეიძინე.
დრო, თავის დროზე დრომ უკვე იყიდა..
და შენ გადმოგცა..
შენია..

განწყობა – ოთახი


მინდა ჩემს ოთახში ესეთი ფანჯარა მქონდეს 🙂

ადამიანის განწყობაზე მის გარშემო არსებული თითოეული დეტალი ახდენს გავლენას, ხანდახან შეიძლება ძალიან ელემენტარულმა რამაც კი მთლიანად განსაზღვროს მთელი დღის ხასიათი ..  პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იწყება დილა, რა გარემოში ვარ, რა გეგმები მაქვს და ა.შ.

გარემო იმიტომ ვახსენე, რომ თვალს გაახელ თუ არა და რეალობის აღქმას იწყებ, გარშემო არსებული საგნების მიხედვით შეიძლება შეგექმნას ხასიათი და განწყობა, აქედან გამომდინარე, ამ დროს დიდი მნისვნელობა აქვს, რამდენად შეესაბამება ეს გარემო შენს ზოგად ინტერესებს და რამდენად შენია ირგვლივ არსებული დეტალები.. ამ შემთხვევაში კი ეს გარემო საკუთარი ოთახია, ოთახი სადაც თითოეული ჩვენგანი დიდ დროს ატარებს და ცხოვრობს ..

ადგილი სადაც ვინახავთ ყველაფერს რაც ჩვენთვის მნისვნელოვანი, ძვირფასი და დასამახსოვრებელია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ და ყველაფერი ყველაზე ჩვენია.

 ვფიქრობ ოთახის მოწყობა ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ამ დროს ყველა ინტერესი, გატაცება, აზრი ერთად იყრის თავს და გთხოვს, რომ შენს ოთახში მოათავსო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ისადგურებს ყველაზე დიდი არეულობა, რადგან უამრავი იდეა მოდის და გგონია, რომ ვერ განახორციელებ .. ამ დროს კი ადამიანები დიზაინერებს მიმართავენ ხოლმე; ვფიქრობ სწორია ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ გინდა, რომ ოთახი იყოს მხოლოდ შენი, ან ისეთი დიზაინერი უნდა დაიქირავო რომელიც ძალიან კარგად გიცნობს, ან ისეთი რომელიც უბრალოდ გემოვნებიანია და მიცემულ დავალებებს კარგად ასრულებს. სინამდვილეში კი დაქირავებულ დიზაინერსაც მუდამ თავს უნდა ედგე, რადგან თითოეული დეტალი კარგად იცოდე და წარმოდგენა გქონდეს როგორ გარემოში მოგიწევს ცხოვრება.
თუმცა ამ არეულობიდან გამოსავალი ისაა, რომ ყველაფერს გაცილებით მარტივად უნდა შეხედო, გაანალიზო რა გინდა რომ შენს ოთახში გქონდეს და რას გინდა რომ მიანდო საკუთარი განწყობის შექმნას. რეალურად რომ დაუკვირდე, დიზაინერის გარეშეც თავისუფლად შეიძლება ლამაზი, საინტერესო და შენებური ოთახის გაკეთება ..
მაგრამ არ მინდა მთლად ისე გამოვიყვანო თითქოს დიზაინერები აბსოლუტურად უსარგებლონი არიან..პირიქით, არის ერთი ქალი, Kelly Wearstler, რომელიც არნახულ დიზაინებს ქმნის ოთახებისთვის : მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა შესანიშნავი იყოს ინტერიერი, თუ ის ადამიანის ბუნებასთან ახლოს არ არის,  აზრი არ აქვს არც მის დიზაინს, არც მის სივრცეს და არც ერთ დეტალს, რომელიც გამოყენებულია ..
რომ შემეძლოს ახლავე შევცვლიდი მთლიანად ჩემს ოთახს და გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც მინდა ..  და დარწმუნებული ვარ, სულ თუ არა, ყოველ დილას ,15 წუთიც მაინც  ვიქნებოდი ბედნიერი იმ გარემოთი, რომელსაც ჩემი ოთახი ქვია ..